გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოში სტუმრობა დაასრულა. იგი ჩვენს ქვეყანას გუშინ, 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
გუშინ, მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი პრესკონფერენციაც ჩაატარეს. ორივე მათგანმა როგორც ქართული მედიის, ასევე, გერმანული მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. ამის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მოგვიანებით, მამუკა ბახტაძემ მას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
დღეს, ანგელა მერკელი ოპოზიციას შეხვდა. შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ეწვია და მათ შეკითხვებს უპასუხა.
მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა გერმანიის კანცლერისგან, კითხვებზე პასუხები მოისმინეს, ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან გაემართა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოში მყოფი უცხოელი დამკვირვებლები. მერკელმა საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებული ტერიტორიები სოფელ ოძისიდან, ჭოგრიტით დაათვალიერა.
ბოლოს, ანგელ ამერკელი და მამუკა ბახტაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდნენ.
მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. შემდეგი შეხვედრები გერმანიის კანცლერს სომხეთსა და აზერბაიჯანში ექნება.