გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ანგელა მერკელი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილეს.
მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რომლებზეც განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და ნატოსთან.
„გერმანია არის ჩვენი ერთგული მხარდამჭერი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა. მსურს, ქალბატონ კანცლერს გადავუხადო დიდი მადლობა, ის მართლაც გახლავთ საქართველოს დიდი გულშემატკივარი. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც შეეხება რუსეთის აგრესიას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებულ პირებს, იმ კატასტროფულ ჰუმანიტარ მდგომარეობას, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ აგრესიას. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე და დავსახეთ მიზნები, როგორ უნდა განვამტკიცოთ ეს თანამშრომლობა, როგორ დავუახლოვოთ საქართველო უფრო მეტად ევროკავშირს. იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე - ეს არის საგზაო რუკა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან და ამავე დროს ვისახავთ ამოცანებს, რათა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ეს მიზნები რაც შეიძლება მოკლე დროში იქნას მიღწეული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიმართულება, ვინაიდან ევროკავშირთან, ისევე, როგორც ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს ახალ პოლიტიკაში, რომელიც გულისხმობს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, სასტარტო კაპიტალის რეფორმას და ბევრ სხვა ინიციატივას. ამასთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონულ თანამშრომლობაზე, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გულისხმობს ენერგოუსაფრთხოებას, დამატებითი რესურსების მიწოდებას ევროკავშირის ბაზარზე და აქ საქართველოს აქვს უნიკალური როლი. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას და KFW-ს, რომელთანაც ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოში გაზსაცავი აშენდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ენერგოდამოუკიდებლობას. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას. იცით, რომ „საქართველოს რკინიგზა“ და „დოიჩე ბანი“ არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები. ძალიან კარგია, რომ გერმანული კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება. აუცილებელია, იმ ძალიან კარგ და დიდ პროგრესს, რასაც პოლიტიკურ ურთიერთობებშიმივაღწიეთ, ეკონომიკური თანამშრომლობაც დავაწიოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ კანცლერს, გერმანიას, გერმანელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საწადელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.