საკონტროლო-გამშვები პუნქტების მუშაობის გაუმჯობესებით, რუსეთისა და აფხაზეთის გარე უსაფრთხოების კონტურების გაძლიერება უნდა გაგრძელდეს - პუტინი

16:57 08-24-2018
79

საკონტროლო-გამშვები პუნქტების მუშაობის გაუმჯობესებით, რუსეთისა და აფხაზეთის გარე უსაფრთხოების კონტურების გაძლიერება უნდა გაგრძელდეს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, მოსკოვში, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობებში ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. პუტინის თქმით, 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო.

„ამ წლების განმავლობაში, ურთიერთობების მშენებლობის კუთხით ბევრი რამ შეიცვალა. გაძლიერდა სახელმწიფოთაშორისი კავშირები. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთქმედებას აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, რომ დღემდე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს 120-ზე მეტი დოკუმენტი აქვთ ხელმოწერილი და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები სოციალურ-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

დღესვე ვლადიმერ პუტინმა, კრემლში,  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა გამართა.

ავტორი: