მე ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას, - ამის შესახებ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
"დღეს არის კონსტიტუციის დღე. ძველი რომაელები ამბობდნენ, მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს ან გარკვეულ წლებს. მე ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი კონსტიტუცია", - განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა. 23 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.