ვალდებულია სწორედაც - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს მეტ განმარტებას სთხოვს

17:58 08-24-2018
105

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს საკუთარი უფლებამოსილება ეფექტიანად უნდა გამოეყენებინა და ვალდებული იყო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაესახელებინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი მეტი განმარტება უნდა გაეკეთებინა, თუ რატომ ამბობს პრეზიდენტი კანდიდატის დასახელებაზე უარს:

"თუ კი აპირებდნენ უარის თქმას კანდიდატურის წარდგენაზე, ვფიქრობ უფრო დეტალური, არგუმენტირებული განცხადება უნდა გაევრცელებინათ და საზოგადოებისთვის მეტი განმარტება გაეკეთებინათ, თუ რატომ ამბობს პრეზიდენტი უარს კანდიდატურის წარდგენაზე. 

თუ საბოლოოდ უარს ამბობენ კანდიდატურის წარდგენაზე, ბუნებრივია, ეს ჩემთვის გასაკვირია. პასუხისმგებლობაა, მან უნდა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, ვალდებულია სწორედაც, რომ ჰქონოდა სათანადო კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან. აუცილებელია, რადგან ამ კრიტიკულ მომენტში, რომელიც სასამართლო სისტემაშია, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დატოვა თანამდებობა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, რთული პერიოდია სასამართლოსთვის.  ეს სამი თვე უნდა გამოეყენებინა უფრო ადეკვატურად, ეფექტიანად, რომ სასამართლოში დამდგარიყო უკეთესი პერიოდი და შედეგი. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ არ გადასულა პარლამენტში, თავდაპირველ ეტაპზევე აღმოჩნდა წარუმატებელი" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ჯანეზაშვილმა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სურდა ფართო კონსენსუსი შემდგარიყო, რათა კანდიდატურას პარლამენტში დამტკიცების შანსი ჰქონოდა.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა. იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" ღიად აცხადებდა, რომ ის არ მიიღებდა კონსულტაციებში მონაწილეობას, ანუ პარლამენტში კანდიდატურის დამტკიცების ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ფართო კონსენსუსის გარეშე, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული" - განაცხადა აბაშიშვილმა.

ავტორი: