გიგი წერეთელი: ანგელა მერკელის გზავნილები ადეკვატური მოქმედების სტიმული უნდა იყოს

20:49 08-25-2018
77

მერკელის გზავნილები ადეკვატური მოქმედების სტიმული უნდა იყოს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართვლოში ვიზიტს.

როგორც წერეთელი აცხადებს, „გერმანიის კანცლერის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის“.

მისი თქმით, დიპლომატიური განცხადებები თუ შემდგომში მკაფიო განმარტებები ოკუპაციაზე, რუსეთთან ურიერთობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ემიგრანტების ლეგალურ სტატუსზე, ოპოზიციის უფლებებსა და დემოკრატიის არსზე, არამხოლოდ შეფასების თუ დისკუსიის, არამედ კონკრეტული, აქტიური მოქმედების კარგ პირობებს ქმნის.

„ცხადია, რომ ჩვენ, გერმანიის, პირადად ანგელა მერკელის და მისი გუნდის მხარდაჭერა გვაქვს, კეთილგანწყობაც, ხალხს, საზოგადოებას, ასევე პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო სექტორს. ახლა მთავარი საკითხია როგორ გამოიყენებს ქვეყანა ამ საშუალებებს, პირველ რიგში კი, რამდენად პრინციპულად, კომპეტენტურად და ეფექტურად იმუშავებს ხელისუფლება. საპარლამენტო ოპოზიციამ, კონკრეტულად "ევროპულმა საქართველომ" და პირადად ბაქრაძემ ეს კარგად აჩვენა მერკელთან შეხვედრის დროს. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გერმანიასთან ურთიერთობის პოტენციალი დიდია და აქამდეც მეტის გაკეთება შეიძლებოდა სწორი და მიზანმიმართული მუშაობით. ჩემი საერთაშორისო სტატუსიდან გამომდინარე, ბოლო თვეებში რამდენჯერმე შევხვდი ბუნდესტაგის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, საგარეო, ფინანსთა თუ სხვა უწყებების ხელმძღვანელებს, დეპუტატებს. ამიტომ, კარგად ვიცი განწყობები და ასევე ის რთული სამუშაო, რაც საქართველომ უნდა გასწიოს. მხარდაჭერა უპირობო არ არის და მერკელის გზავნილებიც ადეკვატური მოქმედების სტიმული უნდა იყოს“, - აცხადებს წერეთელი. 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში 23-24 აგვისტოს იმყოფებოდა.