თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ დღეებს, რომელიც გამოვიარე - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
დღეს, პატრიარქმა ქადაგებისას მის მიერ განვლილი გზა გაიხსენა და მრევლს მისთვის ლოცვა სთხოვა.
„სასულიერო აკადემიის შემდეგ, მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა, რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი სიახლოვის დროს. აკადემიის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისთვის. საოცარი რამ მოხდა, სახარების დროს მადლი გადმოვიდა, რაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როცა მე თითქოს გამოვითიშე წირვა-ლოცვიდან და ვერავის ვერ ვხედავდი, დედებს ვერ ვხედავდი, მხოლოდ უფალთან სიახლოვეს ვგრძნობდი.
წირვა თავიდან ბოლომდე სწორად ჩატარდა, მაგრამ ეს სიახლოვე იმდენად ტკბილი იყო, იმდენად სულიერი ტკივილი იყო, რომ როცა წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი და შემოიტანა მდუმარება ბარძიმში ჩასაშვები, იმ დროს გამოვედი მე იმ მდგომარეობიდან.
იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო, არც ლაპარაკი, არც საჭმლის მიღება, მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას.
შეიძლება თქვენ ეს გაქვთ ეს, შეიძლება ეს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ იყო, ეს არის მოვლენა იმისთვის, რომ სულიერად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ.
გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა, დიდება უფალს, თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ დღეებს, რომელიც გამოვიარე" - იქადაგა ილია მეორემ.