ზალიკო ბერგერის ზაფხული მრავალფეროვანი და მრავალქვეყნიანი იყო წელსაც, როგორც ყოველ წელს. დიზაინერმა გერმანიით დაიწყო და რომით დაასრულა. სასაცილო თავგადასავლებზე, ძვირადღირებულ კურორტებზე და ნინა წკრიალაშვილისთვის საქმროს შესარჩევ ქასთინგზე ზალიკო ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
- ზალიკო, როგორ დაისვენე წელს?
- ივნისსში ბერლინში ვიყავი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ხშირად დავდივარ. იქ ჩემ მეგობარს ქართული რესტორანი აქვს „გენაცვალე“, სადაც ხშირად მივდივარ და ვერთობი ქართული ჭამა-სმით. აგვისტო იტალიით დავიწყე. გახლდით რომში, სადაც ასევე მეგობრები მყავს...
- როგორ ახერხებ, რომ ყველა ქვეყანაში მეგობარი გყავს?
- საქართველოში ვახერხებ იმას, რომ მთელი ქვეყანა ჩემი მეგობარია და თითო-თითო რომ მყავდეს საზღვარგარეთ, რა გასაკვირია... სამხრეთ იტალიაშიც გახლდით, ბარში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს.
- ხომ არ შეხვდი ქართველ ემიგრანტებს?
- ერთი დღით ვიყავი მხოლოდ და ქუჩაშიც არ გადავყრივარ... მერე ათენში გახლდით მე და ნინა წკრიალაშვილი, მერე ისევ რომში დავბრუნდი, გახლდით სანდრემოში, მონტეკარლოში, სანტროპეში და ნიცაში...
- ნინას რატომ უპირებდი მოხუცთა თავშესაფარში ჩაბარებას?
- ნინა მანამდე მეგობრებთან ერთად იყო სანტორინში და ნიკონუსში. ორივე საბერძნეთის კუნძულებია და ბოლო ხანებში ძალიან პოპულარული გახდა სიძვირისა და სილამაზის გამო. მსოფლიოს მილიონერების „აბეზალოვკაა“ რომ რამდენიმე დღე უკანალი ჩამოდონ ამ კუნძულზე...
- ასეთ ძვირიან კურორტზე შენ როგორ მოხვდი?
- მე არ ვიყავი მაგ კუნძულზე, ნინა იყო, მაგრამ არანაკლებად ძვირიანი ვოიაჟები მქონდა, მონაკოსა და სანტროპეს საბერძნეთი კუნძულები ვერ შეედრებიან, რაც არ უნდა გაიჭაჭონ.
- მაინც არ მითხარი, მოხუცთა თავშესაფარში რატომ აბარებდი ნინას?
- აი ეგ აღარ მახსოვს, მაგ ვიდეოს გაგრძელებაც ჰქონდა და მოვჭერი რატომღაც. ვღადაობდი რაღაცას, ვაბარებდი და ეტყობა არ იბარებდნენ (იცინის). თვითონ ხომ დაწერა მერე, რა ვქნა, ჩავბარდე თუ მოვიცადო 5-10 წელიო. ვერ იმეტებს თავს, არადა მოუვიდა უკვე დრო (იცინის). ზურგზე არ ეცამა, ხუთი წელი პარიკით გაქაჩავს კიდე...
- ჩვენ ნინას ისეთი ფოტოები ვნახეთ, ისეთი ლუქებით...
- კი, სანაპიროზე რომ მოდიოდა, ყველა მაგას უყურებდა. ფორმაშია ნამდვილად. იმდენს ვიცინოდით, ყველა ჩვენ გვიყურებდა.
- თაყვანისმცემლები არ გამოუჩნდა?
- კი, რამდენიც გინდა. ქასთინგი მაქვს გამოცხადებული. 30 წლამდეა ყველა. მე პასტა და ფურცელით დავდიოდი და ყველას ნომრებს ვიწერდი. ვისაც მეტი ფული და ქონება აქვს, იმას მივათხოვებ, რომ მეც კარგად დავისვენო საბერძნეთის მდიდარ კურორტებზე.
- არჩევანი გააკეთეთ უკვე?
- არა, ქასთინგი გრძელდება. მსურველი ბევრია და არჩევანი მიჭირს (იცინის).
- შენ არავინ გამოგიჩნდა?
- მე საკურორტო რომანი მქონდა მოჰიტოსთან, შამპანურთან და ზღის მოლუსკებთან. კი ჰქონდა დედაჩემს იმედი, რომ ამ ზაფხულს მაინც გავახარებდი, მაგრამ...
- ახლა რას აპირებ დასვენებული?
- ერთ ჩვენებას გავაკეთებ ალბათ სექტემბერში. ოქტომბერში მე და ჩემი დეიდაშვილი, ზურა ხაჩიძე მივამგზავრებით ნიუ იუორკში კონცერტით. 20 ოქტომბერს ზურას კონცერტი იქნება ნიუ იორკში, სადაც წამყვანი ვიქნები მე. ასე რომ, მოლუსკები და ძვირიანი შამპანურები გაამზადონ იქაურებმა (იცინის). პირველად მივდივარ ამერიკაში და სათანადოდ უნდა დამხვდნენ.