ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ, რაფაელ ნადალიმ პირველი კომენტარი ადგილზევე გააკეთა.
"შემეძლო, სამ პარტიაში დამესრულებინა მატჩი, მაგრამ არ გამომივიდა. ტაიბრეიკზე ცუდად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. მთელი მატჩი შთამბეჭდავი იყო. ის ძალიან ძლიერად ურტყამს ბურთს და ხანდახან მეჩვენებოდა, რომ საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ბურთს. მუდმივად მიწევდა ძალიან ძლიერი დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლა. რთული მოწინააღმდეგეა.
ვცდილობდი, აგრესიულად მეთამაშა, მაგრამ მეტოქე უფრო აგრესიული იყო. ჩემთვის ეს დიდი გამარჯვებაა“, – ამბობს ნადალი.
აშშ-ის ღია პირველობაზე მერვედფინალურ ეტაპზე, ერთმანეთს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.
საბოლოო გამარჯვება ნადალიმ მოიპოვა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ღირსეულად იბრძოლა. ანგარიში ასეთია: 6:3, 6:3, 6:7, 6:4
მატჩი „ფლეშინგ მედოუს“ საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალური კორტზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწო და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
31 აგვისტოს, ბასილაშვილმა არგენტინელი ჩოგბურთელი გვიდო პელა 4 სეტში დაამარცხა და US Open – ის მერვედფინალში გავიდა. ნიუ-იორკში, სამი მატჩის მოგებით, ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან 180 სარეიტინგო ქულა და 266 ათასი დოლარი გამოიმუშავა.