საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, მირზა სუბელიანის მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
"კომისიამ შეისწავლა, თუ რამდენად იკვეთებოდა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების პროცესში. ამ მიზნით კომისიამ გამოიკვლია მირზა სუბელიანის შვილის და მისი დეიდაშვილის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები. მირზა სუბელიანის შვილის ა. ს.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ა.ს-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩატარადა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში - ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება
გამოძიებიამ 2018 წლის ივნისამდე არ დაკითხა მირზა სუბელიანი; არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი (ტელეფონები); არ ამოიღო მირზა სუბელიანის კუთვნილი ნომრიდან (ნომრებიდან) სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია...
მირზა სუბელიანის სატელეფონო ზარებით დგინდება, რომ ის რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე 2018 წლის 11-13 აპრილს მოწმე მ.კ.-სთან. სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერი შსს-მ ამოიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2018 წლის 18 ივნისს ეს ინფორმაცია მოითხოვა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.
აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია პეკინის 3-ში მდებარე კალანდიების საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერის მონაცემები და გამოძიების მხრიდან დათვალიერების ოქმში მირზა სუბელიანის დაფარვა. აღნიშნული კამერით დაფიქსირებულია მტკიცებულებათა განადგურების, აგრეთვე მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს გადამალვის ფაქტები.
კამერის მონაცემებით დგინდება, რომ 15:37 საათზე მირზა სუბელიანი ფეხით შედის კორპუსის ეზოში, თუმცა გამოძიებას მისი გადაადგილება 2018 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული საერთოდ არ აქვს. 15:59 საათზე მირზა სუბელიანი და თენგო კალანდია ფეხით გამოდიან კორპუსის ეზოდან. შესაბამისად, 15:37 საათიდან 15:59 საათამდე მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვისკენ მიმართული ყველა უკანონო ქმედების თვითმხილველი იყო. კამერის დათვალიერების ოქმში კი გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ სუბელიანი მოიხსენია, როგორც „უცნობი მამაკაცი“, - ნათქვამია დასკვნაში.
დასკვნის მიხედვით, ასევე, გამოიძებას არ გამოუკითხავს მირზა სუბელიანის მეუღლე - თეა კაკუბავა და ცოლის და - ლელა კაკუბავა.
„მირზა სუბელიანის მეუღლე საქმის კურსში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დეტალების შესახებ. ის იმყოფებოდა კალანდიებთან სახლში, როდესაც დაიგეგმა იქ მყოფი გ.ჯ.-სა და მ.კ.-ს გადამალვა, აგრეთვე განადგურდა მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, თეა კაკუბავა გამოძიებას არ დაუკითხავს. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს იერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების თანახმად, თეა კაკუბავა დარდობდა, რომ სამართალდამცველები ნახავდნენ „ტელეფონის დარეკილებს“ და „მინაწერებს“ და დაიჭერდნენ მის შვილს ა.ს.-ს და მის დისშვილს - მ.კ.-ს“, - წერია დასკვნაში.
1 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა. ასევე გაავრცელეს სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული კადრების ფრაგმენტი, რომელშიც, მათი განმარტებით, ჩანს რა ხდებოდა ჩხუბის დროს.
საგამოძიებო კომისიამ სრული დასკვნა 5 სექტემბერს უნდა წარმოადგინოს.
2017 წლის პირველ დეკემბერს, სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.