დასავლეთი აღიარებს - საქართველოში, დემოკრატიის მხრივ, პროგრესი სახეზეა!

16:39 09-03-2018
108

პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და საარჩევნო სისტემის კუთხით სამუშაო ბევრია.

ამის შესახებ ანჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩების მიერ გაკეთებული შეფასებების და გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, "საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი მმართველი პარტიის პოზიციასთან მიმართებაში გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად, რომლებზეც კამათი შეიძლება, მთავარი არის მათი ის მოსაზრება, რომ საქართველომ ბოლო წლებში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია".

"საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და რა თქმა უნდა საარჩევნო სისტემის კუთხით სამუშაო ბევრია. ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ მთავარი ის არის რომ დასავლეთი აღიარებს - პროგრესი სახეზეა. ეს რომ არ იყოს, მაშინ გარწმუნებთ კომენტარები და შეფასებები სხვანაირი იქნებოდა",-განაცხადა პოლიტოლოგმა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ ყოფილი ელჩები ხაზს უსვამენ ამ არჩევნების მნიშვნელობას და რით არის განპირობებული ასეთი მომეტებული ინტერესი, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ "სავარაუდოდ იმით, რომ ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტს ხალხი ირჩევს, შესაბამისად მას მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, აქედან გამომდინარე შედეგებით".

"მეორეც, მათთვის საქართველოში, როგორც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგანაც მათი ელჩობის პერიოდში ამერიკელებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს საარჩევნო დემოკრატიის განვითარებაში. ის რომ ბოლო სამი არჩევნები აღიარებულ იქნა როგორც დემოკრატიული და სამართლიანი, უკვე არის პროგრესის ინდიკატორი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, საკმაო სამუშაოა გასაწევი საარჩევნო სისტემის კომპონენტების დასახვეწად და ამაზე რეკომენდაციებიც გვაქვს მიღებული ჩვენი მეგობრებისგან",-განმარტა პოლიტოლოგმა.

ავტორი: