გაამართლა თუ არა საქართველოს იმედები ნიკოლოზ ბასილაშვილმა - რას წერს New York Times

17:27 09-03-2018
558

“ბასილაშვილმა პატარა პოსტ საბჭოთა ქვეყნის, საქართველოს იმედები გაამართლა" - ქართველ ჩოგბურთელზე, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო აალაპარაკა, New York Times-მა სტატია მოამზადა.

გამოცემასთან ბასილაშვილმა მხარდამჭერების მიმართ მადლიერება გამოხატა:

“ყველა გვიყურებდა. ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერდა მხარს, რის გამოც ბედნიერი ვარ"- განუცხადა ბასილაშვილმა New York Times-ს.

გამოცემა ხაზს უსვამს გამოჩენილი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თამაშზე დასწრებას.

როგორც New York Times-ს ფაჩულიამ უამბო, ბასილაშვილთან რამდენიმე წლის წინ დამეგობრდა, როდესაც დეტროიტიდან ნიუ იორკში მიემგზავრებოდა.

“დიდი ხანია არ მინახავს, თუმცა ნიკოლოზს თვალს ვადევნებ. წაგების მიუხედავად, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია” – განაცხადა ფაჩულიამ.

გამოცემაში ასევე გაიხსენეს გამოჩენილი ქართველი ყოფილი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც 1973 წელს უილმბდონის ფინალში გავიდა და 74 წელს მსოფლიო ათეულში შედიოდა.

აშშ-ის ღია პირველობაზე მერვედფინალურ ეტაპზე, ერთმანეთს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.

საბოლოო გამარჯვება ნადალიმ მოიპოვა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ღირსეულად იბრძოლა. ანგარიში 6:3, 6:3, 6:7, 6:4 დასრულდა.

მატჩი „ფლეშინგ მედოუს“ საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალური კორტზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწო და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

31 აგვისტოს, ბასილაშვილმა არგენტინელი ჩოგბურთელი გვიდო პელა 4 სეტში დაამარცხა და US Open – ის მერვედფინალში გავიდა. ნიუ-იორკში, სამი მატჩის მოგებით, ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან 180 სარეიტინგო ქულა და 266 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

ავტორი: