კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს.
ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად, კომპანია ბეჭდური ქვითრების პარალელურად მუდმივად ახორციელებდა აბონენტების ინფორმირებას ტექსტური სატელეფონო შეტყობინების საშუალებით (სმს).
ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბეჭდური ქვითრები სრულად ჩანაცვლდება ელექტრონულით. გადაწყვეტილება ძალაში 3 სექტემბრიდან შედის. ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა „ყაზტრანსგაზ - თბილისის ყველა აბონენტს ექნება. ამისათვის საჭიროა აბონენტების წერილობითი თანხმობა.
პირველ ეტაპზე ელექტრონული ქვითრების მომსახურებით მხოლოდ ის აბონენტები ისრგებლებენ ვინც მსგავს მომსახურებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებლები ქვითარს როგორც სმს-ით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. ამ ეტაპზე ელექტრონული ქვითრებით მათივე თანხმობით დედაქალაქში 100 000-მდე აბონენტი ისარგებლებს.
კომპანია მსგავსი ფორმით მომსახურებაზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს. კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი მადლობას უხდის ყველა იმ აბონენტს რომელმაც ელექტრონული ქვითრებით მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მსგავსი მომსახურებით ქაღალდის უდიდესი ეკონომია მოხდება და ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია.