საგარეო საქმეთა სამინისტრო, (IDFI)-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას: სამინისტროს საეჭვო შესყიდვებზე პასუხობს

13:54 09-04-2018
70

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) პასუხობს.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევას, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯების განკარგვას ეხება და მათ შორის მოიცავს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ დადებულ ხელშეკრულებას თბილისში, ლეონიძის ქ N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე საინჟინრო და არქიტექტურული პროექტის განხორციელებისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვისთვის თანხა  – 737 000 ლარი გამოეყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1616 განკარგულების თანახმად.

როგორც ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მოცემულ კვლევაში თავადაც აღნიშნავს, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული მომსახურების შესყიდვის დროს არ დაურღვევია შესყიდვების შესახებ კანონი, რადგან “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის პირველი მუხლის 3¹ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელებულ შესყიდვაზე არ ხორციელდება ელექტრონული ტენდერი ან კონკურსი და შესაბამისად ეს პროცესი არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ შპს “ლენდ მარკ პროჯექტთან” ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა აღნიშნული მომსახურების გაწევის ეფექტური სერვისის მოძიებისთვის. საპროექტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვისას კი, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო მიმწოდებლის მაღალი კვალიფიკაცია. შესაბამისად, კომპანიის შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი გახლდათ არა თავად კომპანია, როგორც იურიდიული სუბიექტი, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონდათ ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაც „კვალიფიკაციის დამადასტურებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით“ მიუთითებს ცოდნის/გამოცდილების მატარებელს წარმოადგენს არა კომპანია/საწარმო, არამედ კომპანიაში/საწარმოში დასაქმებული შესაბამის გამოცდილების/კვალიფიკაციის მქონე პერსონალი. მოცემულ შემთხვევაში შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ ძირითადი სპეციალისტების სამუშაო გამოცდილება და სტაჟი სრულად აკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს. საგარეო საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად სამინისტროს სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს მოცემულ კომპანიასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილე არც ერთ პირს მათი საქმიანობისას არ წარმოქმნია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი“ – ნათქვამია განცხადებაში.

IDFI - იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საეჭვო შესყიდვებს:

"საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ადაპტაცია-ცვლილების და საპროექტო სამუშაოს შესყიდვა შეიცავს რისკებს, რომლებიც აღნიშნულ შესყიდვას საეჭვოს ხდის.

- შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა;
- დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში;
- ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე;
- კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი;
- კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში.

ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირმა/პირებმა გამოიყენეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება, რათა სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით, პირდაპირი წესით გაეფორმებინათ კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე 1 დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემოებებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება.

ჩვენ მიერ გამოვლენილი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გავრცელება მთავრობის სარეზერვო ფონდებით გაწეულ ხარჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამჭვირვალობა, კონკურენტული გარემო და საეჭვო გარიგებების პრევენცია" - ნათქვამია კვლევაში.

ავტორი: