თბილისში პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. კრემლთან დაახლოებული სამხედრო და პოლიტიკური მიმომხილველები, ანტიდასავლური რიტორიკის ტელეწამყვანები და ექსპერტები მედია ფორუმის ჩატარებას გეგმავენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ქართველებთან საერთო ენის გამონახვა, მაშინ როდესაც 10 წლის წინ მოხდა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, ერთ-ერთი მათგანი, პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო აცხადებს, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და ბევრი პრობლემის მიუხედავად, საუბარი აუცილებელია.
"ოკუპაციის შესახებ არ ვაპირებ საუბარს. მე სხვა პრობლემები მაქვს, რომელიც ეხება პოლიტიკურ კულტურას და ურთიერთობებს. ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. ჩვენ სუფთა პოლიტიკა გვინდა. თუ გვინდა, რომ დავკავდეთ პოლიტიკით შეგვიძლია სხვა ადგილი ავირჩიოთ ამისთვის, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ სხვა თემებზე, ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია. მთავარი პრობლემა კომუნიკაციაა, რაც ერთმანეთთან ურთიერთობებით გამოიხატება. სწორედ ამაზე გვინდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ ყველა პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობს. ხანდახან ეს არ გამოდის, მაგრამ უნდა ვიურთიერთოთ.
შეხედეთ რუსულ ტელევიზიას, იქ ხომ ერთი პოლიტიკა მიდის და იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია ვისაუბროთ განსხვავებულ თემებზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი არ არიან ადამიანები, რომლებიც აქ არიან ჩამოსულები.
ვაპირებ ურთიერთობას მედიასთან, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან. სრული სია, ვინ მიიღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, არც ვიცი. არსებობს სახელმწიფოს ენები და არსებობს ურთიერთობების ენა. ჩვენთან რუსეთში, ძალიან ბევრს საუბრობენ რუსოფობიის შესახებ. მე ვყოფილვარ აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში. აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია. აი ეს არის ჩემთვის საინტერესო,“-განაცხადა მალაშენკომ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ეს ღონისძიება თავად კრემლიდან, კონკრეტულად კი - ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო გრანტითაა დაფინანსებული.