პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო, თანამდებობა დატოვა.
როგორც ხათუნა ბარაბაძემ პრაიმტაიმს განუცხადა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე მეორედ გააკეთა:
არჩეული დირექტორი გახლდით. სამ თებერვალს გავაკეთე სამეურვეო საბჭოს წინაშე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ დაძაბულ სიტუაციაში, უფრო მეტად ამეღო პასუხისმგებლობა, სასწავლო პროცესი დასრულებულიყო და მერე მიმეღო ეს გადაწყვეტილება. აგვისტოს თვეში კვლავ გავაკეთე განცხადება და მეორედ წარდგენილი განცხადება დააკმაყოფილა სამეურვეო საბჭომ. მორალური პასუხისმგებლობა იყო ასეთი. შემეძლო არ დამეტოვებინა, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა - განუცხადა პრაიმტაიმს სკოლის ყოფილმა დირექტორმა.
ამასთან, როგორც პრაიმტაიმს ბარაბაძემ განუცხადა, 51-ე სკოლის დირექტორთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტში მონაწილე მოსწავლეები პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ საქმის სრულფასოვნად გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები მოაწყო.პროცესების გამო, თანამდებობა დატოვა მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
მოგვიანებით, შეიქმნა საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც ხვალ, საბოლოო დასკვნა უნდა დადოს და რეკომენდაციები გასცეს.
აღნიშნულ საქმეზე ორი ახალგაზრდაა დაკავებული, თუმცა გარდაცვლილი დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ საქმეში სხვა დამნაშავეებიც ფიგურირებენ. მამა, ზაზა სარალიძე მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, კვლავ აქციები დაგეგმოს.