ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თოქშოუ თავისუფალი სივრცის წამყვანის ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, გადაცემაში გუშინდელი ინციდენტის გამო, სამართალდამცავებმა გამოკითხეს.
როგორც ვახო ხუზმიაშვილმა პრაიმტაიმს განუცხადა, პოლიციას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც პირდაპირ ეთერში საზოგადოებამ ნახა.
მეტ ინფორმაციას ვერც მივაწვდიდი. რაც შემეძლო და რაც უნდა გაეკეთებინა ჟურნალისტს, მოვუწოდე, რომ სტუდიაში არ მოეწია და დავასრულე ეთერი. ჩემთვისაც არ არის სასიამოვნო, როდესაც პირდაპირი ეთერიდან ხდება რაღაცის ტირაჟირება და ამას უყურებენ მოზარდები. ცხადია, სტუმრის საქციელზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მე არ ვარ პოლიციელი, როდესაც ადამიანი სტუდიაში შემოდის, გავჩხრიკო. მას სიგარეტი ჰქონდა, თუ მარიხუანა, არ ვარ ექსპერტი, რომ დავადგინო, - განაცხადა თოქშოუს წამყვანმა.
რაც შეეხება ჟურნალისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია, რის შემდეგაც სტუდიაში მყოფმა კიდევ ერთმა სტუმარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა, ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.
არ მაქვს ინფორმაცია იქ რა პროცედურები ჩატარდა. რამდენადაც ვიცი, ნარკოლოგიურიდან პირდაპირ სახლში გაუშვეს, - აღნიშნა იბერიას საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
შეგახსენებთ, გადაცემაში დისკუსია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემაზე მიმდინარეობდა.
მარიხუანა არ არის ცუდი. მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანები მე ნაკლებად გამიგია. ვინმეზე მოწოდება რომ არ გამომივიდეს, ამიტომ მეც ერთ ნაპასს დავარტყამ, - განაცხადა მაქარაშვილმა და მარიხუანას მოუკიდა.
გადაცემაში სტუმრად მყოფმა კობა დავითაშვილმა კი განაცხადა, რომ ასეთი რამე რომ არ მოხდეს, ამიტომ ეწინააღმდეგებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე მიიღო.
გადაცემის წამყვანმა მაქარაშვილს უთხრა, რომ მას ამის საშუალებას (მარიხუანას მოწევის) ვერ მისცემს და გადაცემა დაამთავრა.
შსს-ში ადასტურებენ, რომ ფაქტზე გამოძახება იყო.