უმრავლესობას ორი კვირის განმავლობაში, შეუძლია წარმოადგინოს ახალი დოკუმენტი დადგენილების სახით, რომელიც ობიექტურობასთან იქნება გაცილებით ახლოს, ვიდრე მათი დასკვნა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. კომისიის წევრი უმრავლესობიდან, მიიჩნევს, რომ ევროპულმა საქართველომ საზოგადოების მოლოდინი, რომ საქმის მიმართ ჭეშმარიტება დაედგინათ, ვერ გაამართლა.
მოლოდინიც არასწორი იყო, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით და ამის გადასაფარად მათ მოუწიათ აბსოლუტური პოლიტიკური დოკუმენტის შექმნა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მათ ინსიმულაციური გზით არაერთხელ სცადეს დაერწმუნებინათ საზოგადოება და დავერწმუნებინეთ ჩვენ, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე შეიძლება დადო პოლიტიკური დასკვნა და ეწოდოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ეს ასე არ არის.
აქედან გამომდინარე, ვიმუშავებთ დასკვნის პროექტზე და ვიმუშავებთ დადგენილების პროექტზე, რომელიც ობიექტურობასთან იქნება გაცილებით ახლოს, ვიდრე მათი დასკვნა. ჩვენ ვისაუბრებთ ხარვეზებზე, რომლებიც მართლა იყო და რომელსაც სჭირდება სერიოზული რეფორმა და ვისაუბრებთ კონკრეტული გადაწყვეტის გზებზე - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა უნდა შეესწავლა დღეს ორი ალტერნატიული დასკვნა წარმოადგინა. საბოლოო ჯამში, კომისიის წევრების უმრავლესობამ, რომელიც ამ შემთხვევაში, უმცირესობის სახით იყო წარმოდგენილი, ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ დასკვნას დაუჭირა მხარი.
67-გვერდიანი დასკვნა ახლა პარლამენტის ბიუროზე, შემდეგ კი - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.