ბარნოვის ქუჩაზე, შვილების თვალწინ მოკლული 25 წლის ქალის მამინაცვალის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

11:11 09-06-2018
118

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს არსებითი სხდომა გაიმართება. 

რაც შეეხება ბრალდებებს, გამოძიება ვეფხია ბაქრაძეს ჯამში 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.

ბრალდებული ბრალდების არც ერთ ეპიზოდს არ აღიარებს და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. ვეფხია ბაქრაძე მხოლოდ განზრახ მკვლელობას აღიარებს. სხვა ბრალდებებს, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას კი ბრალდებული არ ეთანხმება. 

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება დაკავებულს ედავება, 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: