საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები - მამუკა ბახტაძე

14:53 09-06-2018
67

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის უმეტესი ნაწილი, რომელიც ევროპულმა საქართველომ მოამზადა, პოლიტიკური ხასიათისაა. თუმცა მთავარია, გამოვლინდეს, იყო თუ არა გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები:

საგამოძიებო კომისიის მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა თვითონ გამოძიებისთვის და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება ან მით უმეტეს პოლიტიკური შეფასება, ვინაიდან პოლიტიკური შეფასება ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ობიექტურობას, აქედან გამომდინარე ჩემი შეფასებაა, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს კანონმდებლობის ჩარჩოებში, სწორედ ის ფუნქცია უნდა განახორციელოს.

დასკვნას პოლიტიკური ნაწილი რომ გამოვაკლოთ, სამწუხაროდ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის რა არის მთავარი? ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ყველანი დავრწმუნდეთ, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი წარმოჩენილი, ან თუ იყო ის უნდა გამოსწორდეს, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული დასკვნას დაუჭირა მხარი.

ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილი დასკვნა 9 ხმით ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცეს. 

კენჭისყრაზე, ასევე წარმოდგენილი იყო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული ალტერნატიული დასკვნაც.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კომისიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ, მკვლელობაში მ.კ-ს მონაწილეობას შეეხებოდა. ასევევ საუბარი იყო, საგამოძიებო მოქმედებიბს სწორად და დროულად ჩატარებაზე.

დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით, ცხრა წევრით ევროპული საქართველო იყო წარმოდგენილი, დანარჩენი 4 წევრი კი - ქართული ოცნებიდან.

67-გვერდიანი დასკვნა ახლა პარლამენტის ბიუროზე, შემდეგ კი - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

ხორავას ქუჩაზე, სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე 2017 წლის პირველ დეკემბერს ემსხვერპლა.

ავტორი: