საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარი იმ გარემოში, რა გარემოშიც დღეს ქართული ბიზნესი ვითარდება, პოლიტიკური სპეკულაციაა - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართუ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარი იმ გარემოში, რა გარემოშიც დღეს ქართული ბიზნესი ვითარდება, ჩემი აზრით არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია, ან ეს შეიძლება იყოს მოსაზრება იმ ადამიანის, რომელიც რეალურად არ არის ჩახედული იმ რეფორმების შინაარსში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. დღეს ქართული ბიზნესი ძალიან კომფორტულ გარემოშია, საკანონმდებლო თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი ბარიერი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის გარკვეულწილად ჯერ კიდევ დარჩენილი უსამართლო რეჟიმები საერთშორისო ვაჭრობაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაკონკურენტუნარიან და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ წარმოებებს. ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ ჩვენ გავასწოროთ აღნიშნული ხარვეზები და მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. იცით, რომ 15 წლის განმავლობაში მოქმედებდა პრაქტიკა, რომ მედიკამენტების იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორები არ იხდიდნენ დღგ-ს, მაშინ, როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები იძულებულები იყვნენ გადაეხადათ დღგ. ბევრი მსგავსი შემთხვევაა" - განაცხადა ბახტაძემ.