ერთადერთი ინტერესი არის რუსიფიკაცია - ქეტევან ციხელაშვილი ახალგორში რუსული სკოლის გახსნას მძიმე ფორმის მანიფესტად აფასებს

16:49 09-06-2018
95

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ახალგორში რუსული სკოლის გახსნის მთავარი მიზანი რუსიფიკაციაა. ოსურმა მოსახლეობამ კი ამის გააზრება უნდა შეძლოს:

"ძალიან სიმპტომატურია და მე ვფიქრობ, არა მხოლოდ ქართველებისთვის, ვინც მუდმივად საუბრობს ამ დარღვევებზე და პრობლემებზე, არამედ, ოსური მოსახლეობისთვისაც ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს პოლიტიკა და რომ არ ემსახურება არცერთი ჩვენგანის ინტერესს. მათ შორის, არც ოსების იდენტობის დაცვას. 

ამ საკითხებზე ვსაუბრობდით გუშინაც, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. დიდი დრო დაეთმო გალსა და ახალგორში, განსაკუთრებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესს. რა გამოხატულება აქვს ამას. მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა, ეს არის ერთ არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმის მანიფესტი. საქმე ეხება ბავშვებს ბაღებში, სკოლებში, მდგომარეობას ზოგადად. მაშინ, როდესაც ისეთი პრაქტიკაც კი არის დანერგილი, როდესაც ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას კი არ აძლევენ მშობლიურ ენაზე. ეს არ ჯდება არც საერთშორისო ნორმებში, არც ადამიანურ ნორმებში, არც ცივილურ ნორმებში. ეს არის ძალიან ღია ფორმის განაცხადი. ერთადერთი ინტერესი არის რუსიფიკაცია" - განაცხადა ციხელაშვილმა.

ოკუპირებულ ახალგორში რუსული სკოლა დღეს გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩი და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი: