13 მილიონის ტექნიკა და ტენდერი 20 ერთეული, მაღალი გამავლობის პიკაპის შესაძენად - როდის დაემშვიდობებიან სამაშველო სამსახურები საბჭოთა ტექნიკას

17:06 09-06-2018
105

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველომ 13 მილიონის ტექნიკა შეიძინა, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა. ასევე, გამოცხადდება ტენდერი 20 ერთეული, მაღალი გამავლობის პიკაპის შესაძენად:

"ჩვენ გვქონდა საკმაოდ მასშტაბური ტყის ხანძარი და საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მოხდა ამ ხანძრებთან გამკლავება. ეს ძირითადად განპირობებულია სწორედ იმ ახალი სახანძრო მანქანების წყალობით და ამ მანქანების გამოყენების შედეგად და ჩვენ ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო ეფექტურად და სწრაფად ვიმოქმედოთ ხანძრის შემთხვევაში.

წელს, საქართველომ შეისყიდა დაახლოებით 13 მილიონის ტექნიკა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად ხორციელდება. ეს ტექნიკა განკუთვნილია ტყის ხანძრებთან საბრძოლველად და ამ გამოწვევებმა გვანახა, რომ სწორად მოხდა ტექნიკის შერჩევა და ყველა ეს შესყიდვა ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბორჯომის ტიპის ხანძარი და მასშტაბური პრობლემები ტყის ხანძრების მიმართულებით არ იქნება. ეს ტექნიკა მთლიანად განაწილდება საქართველოს რეგიონებში. დაახლოებით, 18 მუნიციპალიტეტში სრულად იქნება დაკმაყოფილებული, სადაც არის მაღალი რისკი ტყის ხანძრის და შესაბამისად გაიზრდება ეფექტურობა. ამას გარდა, დღეს მთავრობამ მოიწონა ჩვენი წინადადება, რომ გამოცხადდეს ტენდერი 20 ერთეული, მაღალი გამავლობის პიკაპის შესაძენად. ეს პიკაპები განკუთვნილი იქნება სამაშველო ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ გარკვეულ რეგიონებში იყენებენ საბჭოთა წარმოების ტექნიკას და ამით ჩვენ სამაშველო მიმართულებით წერტილს დავუსვამთ საბჭოთა ტექნიკის გამოყენებას.

რაც შეეხება სახანძრო მიმართულებას - შესყიდვები გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე მსხვილ ევროპულ კომპანიასთან და მომავალ 2-3 წელში საქართველოს სახანძრო დეპოში არცერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება. ამ სფეროს განსავითარებლად მთავრობის მხარდაჭერა გრძელდება" - განმარტა ხუციშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ტყის ხანძრის დროს გუშინ დაღუპული რეინჯერის გამო მწუხარება გამოთქვა.

ავტორი: