საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროპარლამენტის შეფასებებს საქართველოსთან მიმართებაში დადებითად აფასებს. მინისტრი ოპოზიციას, მოუწოდებს, რომ სწორად შეაფასონ მამიკინსის ანგარიში და განცხადებები.
მინდა, ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო, ჩამოყალიბდნენ მამიკინსთან მიმართებაში, როდესაც მამიკინსი მათთვის ხელსაყრელ განცხადებას აკეთებს მისაღებია, როცა არ აკეთებს – მიუღებელი. რაც შეეხება ევროპარლამენტის შეფასებებს, ეს იყო ძალიან ობიექტური და ზუსტი. ასახავს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ოპონენტების მხრიდან არასერიოზულია ბრალდებები, რომ ეს არის სუსტი რეზოლუცია.
მათთვის მთავარია, რომ ამ პროცესიდან მიიღონ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი და რაც შეიძლება ნაკლები სარგებელი მიიღოს ქვეყანამ, ამიტომ საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, ობიექტურად აფასებს”, – განაცხადა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში, რომელზეც მომხსენებელი ანდრეს მამიკინსია, ბრიტანელმა დეპუტატმა, სოციალ-დემოკრატების წევრმა, კლერ მუდიმ წარადგინა.
„საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, შემიძლია, დავადასტურო ევროპული ინტეგრაციის პროცესში მთავრობასა და პარლამენტს შორის კარგი კოორდინაცია. ეს კოორდინაცია კიდევ უფრო უმჯობესდება. პარლამენტის საკანონმდებლო გეგმა სრულ შესაბამისობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების გეგმასთან. სამოქალაქო საზოგადოება არსებითად ჩართულია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე კონსულტაციებში. შემიძლია, აღვნიშნო ასოცირების შეთანხმების ზოგი დადებითი გვერდითი ეფექტები – ევროკავშირის ჩინოსნებთან პოლიტიკური სოციალიზაციის ეფექტი, საზოგადოების მხრიდან სახელისუფლებო სტრუქტურებისადმი გაზრდილი ნდობა, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები – ადმინისტრაციული შესაძლებლობების ნაკლებობა, უცხოელი ინვესტორების მიზიდვის პრობლემა, სტანდარტების მიღების პროცესის ხანგრძლივობა და შეთანხმების განხორციელებისთვის უფრო მეტი კვალიფიციური კადრების ჩართვის საჭიროება“, – განცხადა კლერ მუდიმ.
მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ კი ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.