გახარჯული მილიონები - მიხეილ ჯანელიძის საქმიანობის შესახებ აუდიტმა მასალები პროკურატურას გადაუგზავნა

21:51 09-08-2018
127

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისთვის დახარჯული მილიონები შესაძლოა, მიხეილ ჯანელიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი გახდეს. ლეონიძის 3 ნომერში საგარეო უწყება ჯერ არ გადასულა, თუმცა, შენობა ბიუჯეტს უკვე, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდა.

ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში კორუფციის რისკების გამო აღმოჩნდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს სამინისტროს ახალი შენობის რემონტის დაწყებამდე საპროექტო სამუშაოებისთვის 737 ათასი ლარი გამოუყო. სამინისტრომ მეორე დღესვე ტენდერის გამოცხადების გარეშე, ხელშეკრულება ერთი დღის დაფუძნებულ კომპანია ლენდ მარკ პროჯექტს გაუფორმა, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის ძმა, ავთანდილ მახარობლიშვილია.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ლენდ მარკ პროჯექტის დირექტორი ხათუნა კიკვაძეა. თუმცა, მისმა ოჯახმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხათუნა კიკვაძე ლენდ მარკ პროჯექტის დირექტორია, კურიერისგან შეიტყო.

კომპანიის დირექტორი კურიერის კითხვებს არ პასუხობს, თუმცა, მას ჩენების მიცემა, სავარაუდოდ, პროკურატურისთვის მოუწევს. სანდრო წყარო რუსთავი2-ს უყვება, რომ აუდიტის სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შემოწმების დროს მინისტრის მოადგილის ძმისათვის გადარიცხული 737 ათასი ლარი საეჭვოდ მიიჩნია და დოკუმენტაცია მთავარ საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნა.

ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, კომენტარის გაკეთება არ ისურვა და სოციალურ ქსელში კურიერის შეტყობინებას არ უპასუხა.

საგარო უწყების პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარდა კვლევა და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პირი, რომელიც სატენდერო კომისიაში იყო და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ვატო მახარობლიშვილი არ ყოფილა, ის სხვა მოადგილე იყო.

"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძესთან კითხები სამართალდამცველებს ექნებათ.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი, დავით ზალკალიანი და ტენდერების სკანდალში გახვეული მისი მოადგილე, ვატო მახარობლიშვილი, დაიბარა. ფრაქციის თავმჯომარე ამბობს, რომ სახეზეა უპრეცედენტო კორუფციული სკანდალი.

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროს შემოწმების დოკუმენტს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს. კურიერის ინფორმაციით, აუდიტორებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინეს.

მიხეილ ჯანელიძე გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მესამე მინისტრია, რომლის საქმიანობის შესწავლაც პროკურატურამ დაიწყო.

 

"რუსთავი 2"