გულშემატკივარს ვთხოვ, ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენ გუნდს - გურამ კაშია

13:19 09-09-2018
451

ფეხბურთელი გურამ კაშია, მატჩზე დასწრების მსურველ გულშემატკივარს ერთობისა და დაპირისპირების გარეშე ქომაგობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კაშია საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე წერს.

ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვ, მატჩის მსვლელობისას ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენ გუნდს. დღეს ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველოს გვჭირდება”, – წერს კაშია.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, ეროვნული ძალა „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის მოწყობას გეგმავენ.

კაშია მორიგი შეურაცხყოფისა და აგრესიის მიზეზი უეფას მიერ მისთვის გადაცემული თანასწორობის ჯილდოს გამო გახდა. მან ეს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო. 

კაშიას მხარდამჭერების გადაწყვეტილებით კი, ისინი დღევანდელ თამაშს დაესწრებიან, ლგბტ სამკლაურებს გაიკეთებენ და აღმართავენ პოსტრებს წარწერით “#გურამშენთანვართ”. ქართული მარშის თქმით კი იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშიას მეგობრები სამკლაურებს არ გაიკეთებენ, აქციას აღარ მოაწყობენ. ამასთან, მსგავსი ტიპის განცხადება ეროვნულ ძალას არ გაუვრცელებია.

ასევე, შსს-მ მატჩზე დასწრების მსურველებს წესრიგისკენ მოუწოდა. უწყების ინფორმაციით, კანონდარღვევებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმაც. მან გულშემატკივრებს ერთიანობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

ავტორი: