საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველო-ლატვიის თამაშის გულშემატკივარს სტადიონზე წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. კობიაშვილის განმარტებით, არეულობის შემთხვევაში UEFA-ს, თამაშის ჩაშლა შეუძლია, რაც ნაკრებისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.
“ჩვენთვის პრიორიტეტია ნაკრების მატჩები, ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც სტადიონზე იმყოფება. რადგან ეს არის ოფიციალური მატჩი, თავისთავად, მას ჰყავს თავისი დელეგატი. შესაბამისად, ნებისმიერი არასპორტული საქციელი, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის ნეგატივი გამოიწვიოს, შესაძლოა ძალიან მკაცრად იყოს შეფასებული. ამას წყვეტს უშუალოდ დელეგატი. თუ რაიმე ასეთი სახის ქმედება ხდება ტრიბუნაზე, შეუძლია თამაშის ჩაშლა, შეწყვეტა. ეს კატასტროფა იქნება, ჩვენ ეს არ გვჭირდება" – ამბობს კობიაშვილი.
როგორც ცნობილია, "ეროვნული ძალა" „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის მოწყობას გეგმავენ.
კაშია მორიგი შეურაცხყოფისა და აგრესიის მიზეზი უეფას მიერ მისთვის გადაცემული თანასწორობის ჯილდოს გამო გახდა. მან ეს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო.
კაშიას მხარდამჭერების გადაწყვეტილებით კი, ისინი დღევანდელ თამაშს დაესწრებიან, ლგბტ სამკლაურებს გაიკეთებენ და აღმართავენ პოსტრებს წარწერით “#გურამშენთანვართ”. "ქართული მარშის" თქმით კი იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშიას მეგობრები სამკლაურებს არ გაიკეთებენ, აქციას აღარ მოაწყობენ. ამასთან, მსგავსი ტიპის განცხადება "ეროვნულ ძალას" არ გაუვრცელებია.
ასევე, შსს-მ მატჩზე დასწრების მსურველებს წესრიგისკენ მოუწოდა. უწყების ინფორმაციით, კანონდარღვევებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმაც. მან გულშემატკივრებს ერთიანობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ცოტა ხნის, თავად გურამ კაშიამ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა, სადაც მატჩზე დასწრების მსურველ გულშემატკივარს ერთობისა და დაპირისპირების გარეშე ქომაგობისკენ მოუწოდა.