"ლევან ყიფიანს სამი დღეა ვეძებთ და ვერსად ვპოულობთ. თუ მართალია, რატომ იმალება?!" - ვახო ხუზმიაშვილი

11:54 09-10-2018
104

ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი არხის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. 

როგორც ტელეკომპანიის ეზოში, აქცია-მსვლელობის დაწყების წინ ვახო ხუზმიაშვილმა პრაიმტაიმს განუცხადა, ახსენდება ტელეკომპანია იმედის დარბევა, რომლის წინაც, მაშინდელი ხელისუფლება მსგავს განცხადებებს აკეთებდა ტელეკომპანიის მიმართ.

ეს ხელისუფლება რომ ყოფილიყო ოპოზოციაში, მაინტერესებს რა განცხადებებს გააკეთებდა. სირცხვლია ხელისუფლების მხიდან ასეთი განცხადებების გაკეთება. ამას ურჩევნიათ, გამოვიდნენ და გააპროტესტენ. მე მჯერა, რომ ხელისუფლებაშიც იქნებიან წესიერი ადამიანები, გამოვიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. ეს არ იქნება ამ ქვეყანაში პირველი და არც ბოლო. 2004 წელსაც ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ და 14 წლის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა არც იმათ არ დაუსრულებიათ.

ველოდებით ლონდონიდან დამატებით ინფორმაციას, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე განცხადებას ვერ გავაკეთებ. ლევან ყიფიანს სამი დღე ვეძებთ და ვერსად ვერ ვპოულობთ. თუ მართალია, გუშინ გამოსულიყო, სად იყო და რატომ იმალება. როცა არ არის ადამიანი დამნაშავე, ის არასოდეს იმალება, -აცხადებს ვახო ხუზმიაშვილი.

ტელეკომპანია ,,იბერიამ 3 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელეკომპანიის თანამშრომლები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ.  მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან დასრულდება.

იბერიაში აცხადებენ, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხდება. კერძოდ თავდასხმა მიმდინარეობს ომეგა ჯგუფზე, რომელიც ტელევიზიას აფინანსებს.

გუშინ, მედიასაშუალებებში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, რომ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ უნდა დათმოს იბერია. ყიფიანს აღნიშნულ ფაქტზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, იბერიის ინფორმაციით, ლევან ყიფიანი ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით ლონდონის სასამართლოში უკვე დაიბარეს, შესაბამისი წერილი მან უკვე მიიღო.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ იბერიას თუ ფინანსური პრობლემები აქვს, თავად უნდა მოაგვაროს ისე, როგორც ამას სხვა ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ. მეწილეებმა ერთმანეთთან პრობლემები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა მოაგვარონ.

 

თეონა აბესაძე