საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი საინტერესო პრეზიდენტი იქნება.
ამის შესახებ ქანთარიამ ქართული ოცნების ოფისში, სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან პოლიტსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა, რომლის მიხედვითაც უმრავლესობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.
ვფიქრობ, პოლიტსაბჭოზე ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. ეს საკითხი ადრეც იდგა და აღმოჩენა არ იყო, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ. მე მასში მომწონს, რომ მას აქვს ძალიან შთამბეჭდავი თავგადასავალი და ის პიროვნულად ძალიან წონიანი დაჯდება ნებისმიერთან იქნება ეს ტერეზა მეი, მაკრონი თუ სხვები. ის იქნება საკმაოდ საინტერესო პრეზიდენტი მემგონი,- განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, შესაძლოა ზურაბიშვილს უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე სამპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ჰქონოდა, მაგრამ მას აქვს თავისი ხიბლი, რომლითაც სხვას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა.
ჩვენი მხარხაჭერის გარეშე მეეჭვება ვინმეს ჰქონდეს გამარჯვების დიდი შანსი. თუმცა მას აქვს თავისი ხიბლი, ის სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა სხვას,- განაცხადა ქანთარიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ პოლიტსაბჭოზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.
ლელა მდივანი