ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გაატარეს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება. ისინი ხელისუფლების გადადგომას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
ზაზა სარალიძემ "პრაიმტაიმის" პირდაპირ ეთერში საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენი ყველა მოთხოვნა უცვლელია და მანამდე ვიქნები აქ, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება. იმედი მაქვს, რომ მოვა ხალხი იმისთვის, რომ დასამარდეს ჩვენს ქვეყანაში არჩევითი სამართალი. ჩემი მოწოდება რომ გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ შერჩევით სამართალს. ამ დრომდე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ შემხმიანებია და არც ის ვიცი, რას ფიქრობენ საერთოდ. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი საერთოდ არ ფიქრობენ არაფერს და არ აინტერესებთ. ვხდევთ, მკვლელებს და საქმის გამყალბებლებს მაქსიმალურად იცავენ. ხელისუფლებისგან არც არაფერს არ უნდა ველოდოთ" - განაცხადა ზაზა სარალიძემ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის წინ კარავსაც გაშლის.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ აქცია გუშინ, 10 სექტემბერს დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.