"მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომის თაობაზე გადამეტებულია..." - დავით მათიკაშვილი ზაზა სარალიძეს პასუხობს

12:21 09-11-2018
75

უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული დიდი ტრაგედიის მიუხედავად, მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომის თაობაზე გადამეტებულია.

ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება იყო აბსოლუტურად ღია და გახსნილი ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდებოდა. ხელისუფლებამ გააკეთა და აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. არ შეიძლება ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ჩვენ ყველანი ვართ ზაზა სარალიძის თანამოაზრე იმ ნაწილში, რომ გვსურს ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რისთვისაც სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა და კომისიაში უმრავლესობის ფუნქცია საპარლამენტო უმცირესობას გადაეცა. ჯერ კიდევ წინ არის სასამართლო პროცესი ამ საქმეზე და ასევე საქმის კონკრეტულ ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მიმდინარეობისას ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ის მთავრობას 24-საათიან ვადას აძლევს, რათა გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.