ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიას ებრძვის.
ამის შესახებ ვახო ხუზმაიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტარციში, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის წინ განაცხადა.
"როცა ქვეყანაში პროკურატურას სძინავს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ერევიან, ხელისუფლება გამოდის და ამ სისულელეს აპრავებს. ერთადერთი გზა კი, ვისაც შეგვიძლია შევჩივლოთ ეს ყველაფერი და ჩვენი პრობლემა მივუტანოთ პრეზიდენტია. მოვედით, რომ ვუთხრათ: ხელისუფლება ტელევიზიას ებრძვის", - განაცხადა ხუზმიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიასაშუალებებში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, რომ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ უნდა დათმოს იბერია. ყიფიანს აღნიშნულ ფაქტზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, იბერიის ინფორმაციით, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ლონდონის სასამართლოში უკვე დაიბარეს, შესაბამისი წერილი მან უკვე მიიღო.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ "იბერიას" თუ ფინანსური პრობლემები აქვს, თავად უნდა მოაგვაროს ისე, როგორც ამას სხვა ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ. მეწილეებმა ერთმანეთთან პრობლემები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა მოაგვარონ.