თიანეთის მერიაში ხმაურია. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, გათავისუფლებული თანამშრომლები თამაზ მეჭიაურთან განმარტებების მოსასმენად მერიაში მივიდნენ, თუმცა მერი ახლა შვებულებაში.
თიანეთის სასამართლომ, მერის მიერ გათავისუფლების თაობაზე გაცემული ბრძანება გააბათილა და საკითხის ხელახალი განხილვა იურიდიულ სამსახურს დაავალა.
როგორც "პრაიმტაიმს" მეჭიაურმა განუცხადა, 5 დღიანი შვებულება აქვს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდშიც მუშაობს.
"სამართლიანი, რომ ყოფილიყო მათი მოთხოვნა, სასამართლო დააკმაყოფილებდა. სასამართლომ უბრალოდ ამ გადაწყვეტილებაში რაღაც დაზუსტებები მოითხოვა. განიხილავს იურიდიული სამსახური და უფრო დაზუსტებულად და არგუმენტირებულად მიიღებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს. კი უნდოდათ აღდგენა, მაგრამ დაობდნენ იმაზე, რომ შუაღამეზე მოხდა განხილვა. რა მნიშვნელობა აქვს, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, შუაღამეზე დადასტურდება და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ დილით.
ვერ ვხდები, რატომ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება, თუ ადამიანებს არასწორად ჰქონდათ მინიჭებული მთის სტატუსი, რის გამოც, ბიუჯეტიდან იხარჯებოდა არამიზნობრივად ფული. აღდგენის შანსს ვერ ვხედავ, თუმცა კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ვნახოთ სასამართლო რას გადაწყვეტს" - განუცხადა "პრაიმტაიმს" მეჭიაურმა.
თამაზ მეჭიაურმა სამი თანამშრომელი სამსახურიდან მარტში გაათავისუფლა. მიზეზად რამდენიმე მოსახლისთვის მთის მცხოვრებლის სტატუსის არაკანონიერად მინიჭება და შესაბამისად, ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვა დაასახელა. ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლები კი დარწმუნებულები არიან, რომ მეჭიაურმა მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით გადაწყვიტა, რადგან სამივე მათგანი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.