სლოვენიელი სპეციალისტები სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის კურსს ატარებენ

16:23 09-11-2018
72

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი - სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიული გამოსახულების ხარისხი და უსაფრთხოება (National Training Course on Quality and Safety in Breast Imaging)  ტარდება. სატრენინგო კურსს ატარებენ სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი მაქსიმილიან კადივეცი, სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი  ქრისტინა ჰერტლი, რადიოგრაფერი, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერი ვერონიკა კუტნარი.

ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, სლოვენიის ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვანელმა მაქსიმილიან კადივეცმა, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილიმა და დავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა “დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის “ სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორმა ლიანა მგალობლიშვილმა.  გამომსვლელებმა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

თავის მხრივ სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, ცენტრში არსებულ  ხარისხის კონტროლზე, განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს.

„ტრენინგზე ძირითადი აქცენტები გაკეთდება სლოვენიაში დანერგილ ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.  ერთკვირიანი კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და მისი მიზანია სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებისთვის ამ მიმართულებით თანამედროვე, ევროპული, კერძოდ, სლოვენიური სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ძუძუს კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელი, ხარისხის კონტროლი, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ძუძუს კიბოს სკრინინგის ფსიქოლოგიური ასპექტები, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ინტერვალური კიბო, ძუძუს იმპლანტების პოზიციონირება  და სხვა.

კურსის ფარგლებში სლოვენიელი სტუმრები ეროვნული სკრინინგ ცენტრის ყველა ფილიალს დაათვალიერებენ, ადგილზე გაეცნობიან ახალი თაობის მამოგრაფების მუშაობას  და პრაქტიკულ მეცადინეობებს ცენტრის ფილიალებში ჩაატარებენ.

 

 

ავტორი: