"არაადეკვატური მე, ვიწყებ ყვირილს, გაუგებრად, ქაოსურად რაღაცეებს ვბღავივარ" - ნანუკა ჟორჟოლიანის რჩევები მშობლებს

17:39 09-11-2018
236

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით პირად ისტორიას იხსენებს და მშობლებს საკუთარი გამოცდილების მიხედვით, შვილების აღზრდის პროცესში რჩევებს აძლევს.

"4 წლის წინ, მგონი ივლისი იყო, მირეკავენ და მეუბნებიან რომ საბაა ცუდად. დროებით, ახალი ძიძა ყავდა და ცოტა შეშინებული ხმით მეუბნება, “ცუდად ყოფნის მიზეზი კვამლია”. ვეკითხები რა კვამლი, არ მპასუხობს.

მოკლედ, გავიქეცი სახლში. გზიდან დედაჩემს ვურეკავ არ მპასუხობს. თურმე ბავშვთანაა. მამაჩემის ტელეფონზე დაკავებაა. არაფერი ისეთი სრული სიზუსტით არ მახსოვს, როგორც ის გზა. ყველა წუთი, წამი, რა მანქანამ ჩაიარა. რატო ვაკვირდებოდი ცოტა გათიშული ყველაფერს კაცმა არ იცის.

მოკლედ, სახლამდე მივაღწიე და ვხედავ ცოცხალს ჩემს შვილს, რომელსაც ფერი არ აქვს, სულ თეთრია, ძალიან სუსტად წევს ლოგინზე მოკუნტული. მეუბნებიან, რომ დილით, ახალმა გაღვიძებულმა მოიპარა სიგარეტი, მოწია, აერია გული და შემდეგ უფრო ცუდად გახდა და ამ ყველაფერში ყველაზე არაადეკვატური მე, ვიწყებ ყვირილს, გაუგებრად, ქაოსურად რაღაცეებს ვბღავივარ და არასოდეს დამავიწყდება საბას თვალები, რომელსაც მას შემდეგ, არასოდეს ვუნახივარ ისეთი შეშინებული და არაადეკვატური. საბა მიყურებდა ცრემლიანი და ძალიან შეშინებული. ბოლოს ჩაეძინა და თითქმის ერთი დღე ეძინა.

ეს იყო პირველი და უკანასკნელი, როდესაც ჩემს შვილს, ისედაც განსაცდელში მყოფს ტრავმა დავუმატე. დარწმუნებული ვარ, მე მელოდებოდა ყველაზე მეტად იმიტომ, რომ მეშველა და იმედი გავუცრუვე.

ძალიან ხშირად მახსენდება ეს ამბავი და ყველა ჯერზე ერთნაირად ცუდად ვხდები. ერთი წამით არ მიქრება ტოქსიკური გემო, რომელიც ამ ამბავმა დამიტოვა.

მხოლოდ მეგობრობით, სითბოთი, სიყვარულით მივიღებთ შედეგს, როცა შვილების ადამიანებად გაზრდა გვინდა. გამორიცხულია ძალადობის, ყვირილის, დასჯის, ყურის აწევის მეთოდით თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ და ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ დავეხმაროთ წაბორძიკების დროს და რაც არასწორია ავუხსნათ. საუბრით, მეგობრული ტონით, კონკრეტული მაგალითებით. და რაც მთავარია, თანაბარი ურთიერთობით.

P.S. საბას მას შემდეგ არ მოუწევია. მარიამს, ყოველი სიგარეტის მოკიდების დროს ემუდარება რომ აღარ მოწიოს. მე, აღარასოდეს, აღარასოდეს არ ამიწევია ხმა მისთვის და იცის, რომ მაშინ, მასზე ცუდად მოვიქეცი. ასევე, იცის რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის უნდა ქონდეს ჩემი იმედი. დღეს, მისი მთავარი მესაიდუმლე ვარ. #დაასრულეძალადობა" - წერს ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.