ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
„ვფიქრობ, დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება. შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საერთოდ არ უფიქრიათ. ჩვენთან არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი ნდობის ხარისხი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ. ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინაპირობა იყო იმის, რომ შემდეგ პლანტაციების საკითხი დაეყენებინათ. შევხედოთ და ვნახავთ. ფაქტები თავისთავად მეტყველებენ რაღაცაზე. ქართველ კაცს ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ ერთხელაც შეიძლება გაიღვიძოს და სხვა რეალობაში აღმოჩნდეს ბევრი. ჯერ ინიციატივა გაჟღერდა. ალბათ, მოთელვასავით არის. არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ", - დასძინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
კითხვაზე, კონკრეტული ნაბიჯები რა იქნება საპატრიარქოს მხრიდან, მეუფემ განაცხადა, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება.
„მარტო ქადაგება არა. საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენ სახელმწიფოს ნაწილი ვართ. ცალკე არ განვიხილავთ ჩვენ თავს. ყოველთვის დავუდგებით სახელმწიფოს ძლიერებას. არავის არ დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მეუფემ.
ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა გარკვეული ზომები უნდა არსებობდეს, რათა მარიხუანას მოწევა არ ხდებოდეს სამუშაო ადგილებზე და არსებობდეს შეზღუდვები.
„ვინც იმას საუბრობს, რომ ლიბერალიზაცია საჭიროა, მახსოვს, ცოლებს ცვლიდნენ ნარკოტიკებში. ბევრი დაიღუპა მაგ სენით. ოჯახები გააუბედურეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.