ირაკლი კობახიძე: ომი ვერ განხორციელდებოდა იმ შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელიც იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა

18:34 09-12-2018
104

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებისთვის არ უსმენია, თუმცა ერთ აზრზე არიან, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ეს ვერ მოხდება იმ შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუშვა:

"სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ მომისმენია, თუმცა მქონდა საუბარი მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საუბრის დროს შევჯერდით ჩვენ ერთიან მიდგომაზე. ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წლის ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად, ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა ამავე დროს ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ "ტვ პირველის" ეთერში სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის თაობაზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა:

„ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა ამ ქვეყნის მთლიანობა?! მე ამ ქვეყნის მთლიანობა მინდა და მინდა, რომ ამ ქვეყნის არც ერთმა პრეზიდენტმა არ დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში "რეაქცია".

 

ავტორი: