საქალაქო სასამართლოში სოსო რობაქიძესა და ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება მოხდა. რობაქიძის საქმის განხილვისას, ერთ-ერთი მთავარი მოწმის, თემურ ლობჟანიძის გამოკითხვის დროს, სოსო რობაქიძემ ზვიად კუპრავას გამოჩენა გააპროტესტა.
"შენ სარალიძის შვილი გედარდება? დონაძესთან მოხვედი, შენ ვირთხა...
ეს არის არაკაცი. სამსახურიდან გააგდეს, პოლიციიდან გააგდეს მაგის გამო. ეს არის იმის ძმაკაცი მეორე პოლიციელი, რომ ეუბნება მეგობარს, რომ ნახე შენი ძმაკაცი როგორ კვდებაო. აი ასეთი პოლიციელები იყვნენ მაშინ. გეფიცებით ჩემი შვილის საფლავს, ჯერ ბავშვი მოკლეს და მერე დაუწყეს იარაღს ძებნა. დღეს ზვიად კუპრავა, რომ მობრძანდა აქ, რატომ იმ მოწმეების დროს არ მოვიდა, როდესაც 60 მოწმე დაკითხეს ჩემი მხრიდან. ახლა იმიტომ მოვიდა, რომ თქვას აი, ხედავ იქ რა ხდება. ეს ავანტიურისტი, ეს ზონდერი" - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ხმაურის გამო, რობაქიძეს დარბაზის დატოვება მოუხდა, თუმცა ჩხუბი საქალაქო სასამართლოს ეზოში გაგრძელდა. კუპრავამ პოლიცია გამოიძახა და რობაქიძის ქმედებას პროვოკაციული და მიზანმიმართული უწოდა.
„სოსო რობაქიძე აბსოლუტურად უმიზეზოდ, უმოტივოდ დამესხა თავს. გასაგებია ყველაფერი. ეს იყო მიზანმიმართული, დადგმული პროვოკაცია, ვინაიდან ვარ გირაოს ქვეშ. მაქვს გირაო შეფარდებული და რა თქმა უნდა ეს ადამიანები მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით ცდილობენ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას, რის შედეგადაც შეიცვლება აღკვეთის ღონისძიება,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ.