ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

20:27 09-12-2018
108

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევის, ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ზურაბ გორნაკაშვილის და ბაადურ ჩოფანაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება 2017 წლის 21 ნოემბერს, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცავების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. საქმის მასალების თანახმად, საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში ბრალდებულები ტერორისტული ორგანიზაციის წევრს ა.ჩ.-ს დაეხმარნენ. ასევე, ბრალდებულები მათ სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევდნენ, კერძოდ, ამარაგებდნენ საკვები პროდუქტებით, ეხმარებოდნენ მობილური ტელეფონებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში. 

დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გორნაკაშვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიც და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხოლო ჩოფანაშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც იგი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც ბრალდებული 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით მიუსაჯა.

ავტორი: