პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ მიმდინარე პროცესები იმის დადასტურებაა, რომ ხელისუფლება ტელესივრცის კონტროლს ცდილობს. ამის შესახებ მან "იბერიას" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
"ბრძოლა მიდის იმისათვის, რომ რაც შეიძლება შეიზღუდოს მედია თავისუფლება საქართველოში, რაც შეიძლება მეტად მოხდეს განსაკუთრებით ტელესივრცის კონტროლირება, რომ ხელისუფლებას, რომელიც აკონტროლებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, მთავრობას, პარლამენტს, პროკურატურას და ა.შ. ახლა უკვე ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ტელევიზიაც აკონტროლოს" - განაცხადა ბურჯანაძემ.
ტელეწამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში სახელწიფო რეკეტი, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამის განცდა ნამდვილად აქვს:
"ასეთი განცდა არის, თუმცა ეს არის გაცილებით უფრო შენიღბული, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს, რომელიც არ ერიდებოდა ძალისმიერი მეთოდებით ამის გამოვლინებას" - დასძინა ბურჯანაძემ.
"იბერიაში" აცხადებენ, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხდება. კერძოდ თავდასხმა მიმდინარეობს "ომეგა ჯგუფზე", რომელიც ტელევიზიას აფინანსებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, რომ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ "იბერია" უნდა დათმოს. მოგვიანებით გავრცელდა მეორე აუდიო ჩანაწერიც.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ იბერიას თუ ფინანსური პრობლემები აქვს, თავად უნდა მიხედოს. მეწილეებმა ერთმანეთთან პრობლემები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა მოაგვარონ.