პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია, "ეს არის გარეწრობა" - განაცხადა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას.
"საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ახალგაზრდების დასაქმება, სადაც ისედაც მშობლები დაზაფრული არიან იმით, რომ ახალგაზრდები ძირითადად თავისუფალ დროს არ არიან დასაქმებულები და არ იციან რა უქნან, აქ მარიხუანას ასეთი ფორმით ლეგალიზება, მარიხუანას მოყვანა წარმოუდგენელია.
ეს არის გარეწრობა. მე მივმართე ხელისუფლებას უკვე: ბიუჯეტი შეავსეთ ქარხნების აშენებით, ფაბრიკების აშენებით, სოფლის მეურნეობით და ახალგაზრდების დასაქმებით.
რომელ ბებიას და ბაბუას გაუხარდება, რომ თუნდაც ათასი ლარი გაუხადონ პენსია, თუ გაიგებს, რომ ეს პენსია იმით არის მომატებული, რომ საქართველოში კანაფი მოჰყავთ, საქართველოში მთავარი კულტურა ვენახის ნაცვლად კანაფი იქნება და ნახევარი ახალგაზრდობა გაბრუებული ივლის, თუმცა გაბრუებული ხალხი ადვილი სამართავია" - განაცხადა ბურჯანაძემ "იბერიას" ეთერში.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. იდეის ინიციატორი შსს-ა.