ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისათვის სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევის, ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ბრალდებულების ზ.გ.-სა და ბ.ჩ.-ს მიმართ.
საქმე ეხება 2017 წლის 21 ნოემბერს, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცავების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. საქმის მასალების თანახმად, საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში ბრალდებულები ტერორისტული ორგანიზაციის წევრს ა.ჩ.-ს დაეხმარნენ. ასევე, ბრალდებულები მათ სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევდნენ, კერძოდ, ამარაგებდნენ საკვები პროდუქტებით, ეხმარებოდნენ მობილური ტელეფონებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში.
დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ზ.გ.ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიც, რომელიც ბრალდებულმა ზ.გ.მ დღევანდელ სხდომაზე უდაოდ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ზ.გ.-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ხოლო ბ. ჩ.-ს აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ბ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც ბრალდებული 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით." ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინოფრმაციაში.