კახა კალაძე: პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებაზე ჯარიმა გამოიწერება

12:52 09-13-2018
85

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენება კანონის ფარგლებში დაუშვებელია და ამიტომ მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებს ჯარიმა დაეკისრებათ.

"ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში ძალიან ხშირია მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების განთავსების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. ზოგ შემთხვევაში საქმე ეხება ვიზების გაცემას, ზოგ შემთხვევაში ტურისტულ მომსახურებას, სატრანსპორტო საშუალებების გაქირავებას და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალური პარკინგის გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას. აქ არის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი, მამუკა კობახიძე და მინდა დავავალო მას, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, რომელიც დღეს არის პარკირების ოპერატორი, გამოწეროს ჯარიმები თითოეულ ასეთ შემთხვევაზე. პარკირება არის მოქალაქეების სარგებლობისთვის შექმნილი საერთო სივრცე და არა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი ადგილი. ჩვენ საკმარისად გვაქვს ასეთი სივრცეები და ეკონომიკური საქმიანობა ყველამ უნდა განვახორციელოთ იქ", - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

 

 

ლელა მდივანი

ავტორი: