მოკლა თუ არა ანა ნაცვლიშვილი შეყვარებულმა - რა დეტალები გაირკვა სასამართლო პროცესიდან

14:32 09-14-2018
1212

შეყვარებულის მკვლელობისთვის დაკავებული ლადო გრიგალაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მის გათავისუფლებას მოითხოვდა. მორიგი სასამართლო პროცესი 18სექტემბერს, 11:00-ზე ჩაინიშნა.

რა ტიპის და რამდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თემქაზე მოკლულ 21წლის ანა ნაცვლიშვილს და მოხდა თუ არა მკვლელობა იმ დანით, რომელიც გამოძიებამ მკვლელობის იარაღად ამოიღო - ამის გასარკვევად საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. პროცესზე დღეს გამომძიებელმა და სამედიცინო ექსპერტებმა: ზურაბ გრიგოლაშვილმა, გიორგი ცინცაძემ და მანანა ბრეგაძემ ჩვენებები მისცეს.

გამომძიებელ ანზორ ჟამერაშვილის თქმით, გურამიშვილის გამზირზე, გრიგალაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას გარდაცვლილის დნმ აღმოაჩინეს. თუმცა, იყო თუ არა ეს სისხლი, დაზუსტებით არ იციან.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამოძიების მიერ მოპოვებული დანით, ან რაიმე მსგავსი პარამეტრების და თვისებების მქონე საგნით შეიძლებოდა ჩადენილიყო დანაშაული. სამედიცინო ექსპერტ ზურაბ გრიგოლაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სულ 33, სამის სახის დაზიანება-ჭრილობა აღენიშნებოდა, აქედან 7 დაზიანება აღენიშნებოდა თავის არეში მკვრივი ბლაგვი სახით, თავისა და კისრის მიდამოში 12 ჭრილობა რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნით, 14 კი - ნაკვეთ-ნაჩხვლეტი სახით, თავისა და კისრის არეში. ამ 14 ჭრილობას ანა ნაცვლიშვილის სიკვდილი შეეძლო გამოეწვია. თუმცა, სამედიცინო ექსპერტების განმარტებით, კრიმინალისტურ ექსპერტიზას შეუძლია დაადგინოს მხოლოდ გამორიცხვის მეთოდით, შესაძლოა თუ არა მომხდარიყო ამ საგნით დანაშაული ჩადენილი. მტკიცებითი ფორმით კი, მოხდა თუ არა კონკრეტული ნივთით მკვლელობა, ვერ წერენ, რადგან შესაძლოა ქარხნული ან კუსტარული წესით, ასეთივე ნივთი სხვაც არსებობდეს.

ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი კი ირწმუნება, რომ მკვლელობა, იმ დანით არ არის ჩადენილი, რომელიც ლადო გრიგალაშვილს აღმოუჩინეს.

სამედიცინო ექსპერტმა მანანა ბრეგაძამ პროცესზე აღწერა ლადო გრიგალაშვილის ემოციური მდგომარეობა ჩვენების მიცემის დროს. ექსპერტი აცხადებს, რომ ბრალდებული გაწონასწორებული პიროვნებაა. პირველი ჩვენების მიცემის დროს, როდესაც გრიგალაშვილმა ნაცვლიშვილის მკვლელობა აღიარა, დეტალებში აღწერა რა რის მერე და როგორ მოხდა. ექსპერტის თქმით, თუ ეს მკვლელობა მართლაც გრიგალაშვილმა ჩაიდინა, გამორიცხულია აფექტის მდგომარეობაში ყოფილიყო. ხოლო, მეორე ჩვენების მიცემის დროს, როდესაც მან კატეგორიულად უარყო დანაშაული, ბრეგაძის თქმით, ბრალდებული კითხვებს სტაბილურად პასუხობდა.

21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი თბილისში, თემქის დასახლებაში 22 თებერვალს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით ანას შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავა. მკვლელობა ღამის 05:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდა, რა დროსაც მსხვერპლი სახლიდან გაიყვანეს და სხეულზე არაერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ირკვევა, რომ გამთენიისას, სახლიდან გაუჩინარებული ანა ნაცვლიშვილის მოძებნაში აქტიურად მონაწილეობდა თავად ლადო გრიგალაშვილიც, თუმცა რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს და მამამისის ავტომობილიდან დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გრიგალაშვილის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და მხოლოდ სატელეფონო მიმოწერის ამოღების გამო დააკავეს, სადაც, მისივე თქმით, მუქარის შემცველი ტექსტები არ ფიქსირდება.

ავტორი: