მარიხუანას კანონპროექტზე მსჯელობისთვის, დღეს სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ და პატრიარქს შეხვდებიან. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
მამა შალვა კეკელიას ინფორმაციით, უწმინდესს ამ საკითხზე იგივე პოზიცია აქვს, რაც სამღვდელოებას.
გუშინ, სასულიერო პირები ამ საკითხზე სამსჯელოდ ჯერ საპატრიარქოში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი - თბილისის საკრებულოსთან და მარიხუანას კულტივაციისა და ლიცენზირების საკითხი გააპროტესტეს.
მამა შალვა კეკელიას თქმით, უწმინდესი მათ ხვალ მოუსმენს და საკუთარ პოზიციასაც დააფიქსირებს.
„ასეთი სათხოვარი აქვს მის უწმინდესობას, რომ ხვალ, სამრევლოები, ჩვენ ყველანი, უწმინდესთან შევიკრიბოთ სამების საკათედრო ტაძარში. სამღვდელოება, რომელიც თავის ტაძარში წირვა-ლოცვას აღასრულებს, შემდეგ მსვლელობით ყველანი სამების საკათედრო ტაძარში ავიდეთ. წირვა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო სამრევლო 13:00 საათზე შეიკრიბება“, – განაცხადა მამა შალვამ.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. იდეის ინიციატორი შსს-ა. ამასთან, საუბარი მიმდინარეობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც გადაწყდება ლიცენზირების საკითხიც.