ანაფორიანი თუ ჰალსტუხიანი, რომელიც ეს დღეებია გეუბნებათ რომ დავიღუპებით, სინამდვილეში გეუბნებათ შემდეგს... - ზურა ჯაფარიძე მარიხუანაზე

10:24 09-16-2018
1613

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი "გირჩიდან", ზურა ჯაფარიძე სოციალური ქსელით სამღვდელოების პროტესტს ეხმაურება. 

"დღეს სამების ამბიონიდან კიდევ ერთხელ გვეტყვიან რა ცუდია მარიხუანა, როგორ ნადგურდება ერი და როგორ ზრუნავენ ჩვენზე დღე და ღამე.

ქ-ნი შორენა სავარაუდოდ ‘მთელი ღამე კერავდა’ ტექსტს და მნიშვნელოვანია გესმოდეთ, ნებისმიერი ადამიანი, ანაფორიანი თუ ჰალსტუხიანი, რომელიც ეს დღეებია გეუბნებათ რომ ავღანეთიზაციის საფრთხეა, რომ დავიღუპებით, რომ ჩვენთვის ჯერ ადრეა და ა. შ. და ა.შ.

სინამდვილეში გეუბნებათ შემდეგს:

’მე ვარ თქვენზე ჭკვიანი! მე ვიცი როგორ არის სწორი! მე უნდა დამიჯეროთ! რადგან თქვენ ხართ მზეები! თქვენ არ იცით რა სჯობს თქვენთვის! თქვენ არ შეიძლება იყოთ თავისუფალი, რადგან არ შეგიძლიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება!’

ამას მოვისმენთ დღეს კიდევ ერთხელ სამებიდან.

ჰოდა, ცხოვრებაში პატივს სცემთ იმ ხალხს ვინც მზედ გთვლით?

აქაც იგივეა. ფიქრიც არ სჭირდება. ინსტინქტით უნდა ხვდებოდეთ წესით" - წერს ჯაფარიძე.

მარიხუანას კანონპროექტზე მსჯელობისთვის, დღეს სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ და პატრიარქს შეხვდებიან. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

მამა შალვა კეკელიას ინფორმაციით, უწმინდესს ამ საკითხზე იგივე პოზიცია აქვს, რაც სამღვდელოებას.

გუშინ, სასულიერო პირები ამ საკითხზე სამსჯელოდ ჯერ საპატრიარქოში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი - თბილისის საკრებულოსთან და მარიხუანას კულტივაციისა და ლიცენზირების საკითხი გააპროტესტეს.

მამა შალვა კეკელიას თქმით, უწმინდესი მათ მოუსმენს და საკუთარ პოზიციასაც დააფიქსირებს.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. იდეის ინიციატორი შსს-ა. ამასთან, საუბარი მიმდინარეობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც გადაწყდება ლიცენზირების საკითხიც.



ავტორი: