ირაკლი კობახიძე: ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზებას, სპეკულაცია ხდება ოპონენტების მიერ

13:31 09-16-2018
134

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოებას ოპონენტებისგან არასწორი სახით ეძლევა ინფორმაცია მარიხუანას კულტივაციასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით. ინფორმირებისთვის დროა საჭირო. სწორედ ამის ფონზე მოხდება კანონპროექტების განხილვა.

„პარლამენტში შემოსულია კანონპროექტების ორი პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და მცენარე კანაფის წარმოებას.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების განწყობის შესაბამისად ვიმოქმედოთ და საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი მნიშვნელოვანის საკითხების მოწესრიგების თაობაზე. საზოგადოებისთვის ეს თემა აქტუალურია, ინფორმირებას კი დრო სჭირდება.

გადაწყვეტილება მივიღეთ, ორ ნაწილად გავყოთ საკითხები. შსს-ს თხოვნით იმ საკითხის განხილვას დავიწყებთ, რაც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას ეხება. დღეს საქართველოში ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და ჩვენი ამოცანაა, ამ ვაკუუმის შევსება.

მომავალ სასესიო კვირას იმ ცვლილებების განხილვა დაიწყება, რაც საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას ეხება.

რაც შეეხება მეორე საკანონმდებლო პაკეტს, მცენარე კანაფის კულტივაციას, აქ არ გვეჩქარება. მთავარია, საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული იყოს. საზოგადოებას ინფორმაცია იმაზეც კი არ აქვს, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზებას. სპეკულაცია ხდება ოპონენტების მიერ. მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირება. დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც მისაღები იქნება ინფორმირებული საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკითხზე იმსჯელებენ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

„ფართო კონსულტაციები გვექნება, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გვქონდა, ეს კონსულტაციები გაგრძელდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს წარმომადგენლების ინფორმირება ამ რეგულაციების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ. გვეჩქარება მხოლოდ მარიხუანის მოხმარების ნაწილში, რადგან ვაკუუმი არსებობს.

განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ინფორმირებაზე. საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. საზოგადოებაში საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, საპატრიარქოს ვგულისხმობ.

კანონპროექტში სხვა რამე წერია და საპატრიარქოს წარმომადგენლებს სხვა ინფორმაცია აქვთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის გაცვლა. მთავარია, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება არ მივიღოთ და სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღოთ. საუბარი არ არის ნარკოტიკების წარმოებასა და ლეგალიზებაზე. ზოგიერთი ტელევიზიით საუბრობენ, თითქოს საუბარია ამაზე, რაც ტყუილია. კონკრეტული ეკონომიკური გათვლებია, ნარკოტიკებზე დამოკიდებული არ არის, დაკავშირებულია მცენარე კანაფზე და კოსმეტიკური მიმართულებით გამოყენებაზე. ეკონომიკური ეფექტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება ჩვენთვის სასარგებლო იყოს. ყველაფერს ავწონ-დავწონით, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც საზიანო არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: