"რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს... კერძო სექტორში რომ გადავიდეს ეს დარგი, ვერ გავაკონტროლებთ მას" - ასე გამოეხმაურა პატრიარქი მარიხუანას შესახებ კანონპროექტს.
სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოველკვირეული წირვა აღავლინა, შემდეგ კი ტრადიციულად იქადაგა. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ პატრიარქი სწორედ მარიხუანას კულტივაციასა და ლიცენზირების საკითხზე აპირებდა ქადაგებას. ამის შემდეგ კი სასულიერო პირებთან შეხვედრას გეგმავდა.
„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ვერ გავაკონტროლებთ მას.
ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყო გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ საქართველოში და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ, მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყო ნარკომანიით დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი, მადლი მისცეს საქართველოს და ყოველ ადამიანს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე.
არ უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მინდა, ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსთვის ჩვენს ხელისუფლებას" - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.