ირაკლი კობახიძე: მარიხუანას კანონპროექტზე გადაწყვეტილებას პატრიარქთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ

14:40 09-16-2018
100

კონსულტაციები პირველ რიგში პატრიარქთან გვექნება...კანონპროექტში სხვა რამე წერია და საპატრიარქოს წარმომადგენლებს სხვა ინფორმაცია აქვთ. საპატრიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარიხუანას კანონპროექტზე საუბრის დროს განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, კანონპროექტში საუბარი რეალურად სხვა კუთხით არის და მთავარი პრობლემა სწორედ არასწორად ინფორმირებულობაა.

"საუბარი არ არის, რომ ეკლესიამ რაღაც უნდა დათმოს. დათმობაზე საუბარი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციაზე ვიღებთ. პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს. ამაზე საუბარი კანონპროექტში არ არის. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს არ მოუწევს არაფრის დათმობა. კონსულტაციები საპატრიარქოში სხვადასხვა დონეზე იყო.და გაგრძელდება.

მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს წარმომადგენლების ინფორმირება ამ რეგულაციების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ. გვეჩქარება მხოლოდ მარიხუანის მოხმარების ნაწილში, რადგან ვაკუუმი არსებობს.

განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ინფორმირებაზე. საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. საზოგადოებაში საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, საპატრიარქოს ვგულისხმობ.

კანონპროექტში სხვა რამე წერია და საპატრიარქოს წარმომადგენლებს სხვა ინფორმაცია აქვთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის გაცვლა. მთავარია, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება არ მივიღოთ და სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღოთ. საუბარი არ არის ნარკოტიკების წარმოებასა და ლეგალიზებაზე. ზოგიერთი ტელევიზიით საუბრობენ, თითქოს საუბარია ამაზე, რაც ტყუილია. კონკრეტული ეკონომიკური გათვლებია, ნარკოტიკებზე დამოკიდებული არ არის, დაკავშირებულია მცენარე კანაფზე და კოსმეტიკური მიმართულებით გამოყენებაზე. ეკონომიკური ეფექტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება ჩვენთვის სასარგებლო იყოს. ყველაფერს ავწონ-დავწონით, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც საზიანო არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ავტორი: