სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოველკვირეული წირვა აღავლინა, შემდეგ კი ტრადიციულად იქადაგა. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ პატრიარქი სწორედ მარიხუანას კულტივაციასა და ლიცენზირების საკითხზე აპირებდა ქადაგებას. ამის შემდეგ კი სასულიერო პირებთან შეხვედრას გეგმავდა.
პატრიარქმა საზოგადოებას, ეკლესიას, ხელისუფლებას, ერთიანობისკენ მოუწოდა და მრევლს მოთმინებისკენ მოუწოდა. ილია მეორის თქმით, განსაცდელი ყოველთვის სიხარულით დამთავრდება.
„ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, მოთმინებით და იმედია, რომ ეს განსაცდელი უფრო ადვილად განქარვდება. განსაცდელი ალბათ საჭიროა ადამიანისთვის. ალბათ, უფლის განგებით, უფრო მტკიცდება ადამიანი, მყარდება ადამიანი. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით. განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება. აი, ამ ბოლო დროს, მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს. არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ.
მე როცა ვიყავი მიტროპოლიტი აფხაზეთისა, სანამ პატრიარქი გავხდებოდი, იქ ბრძანდებოდა პირველი ქირურგი აფხაზი ქალი და მას ჰყავდა ორი შვილი. ეს აფხაზი ქალი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა, რომ უფროსი შვილი კარგიაო და უმცროსი, მე სახელიც კი მახსოვს ნორი ერქვა, ნარკოტიკებით არის გატაცებულიო. როგორ იქნება მშობელი, როცა შვილს გააქვს ოჯახიდან ნივთები და ყიდის ამ ნივთებს იმისათვის, რომ შეიძინოს ნარკოტიკები.
ეს ქალბატონი, ასეთი პატივცემული, იმცირებდა თავს და მიდიოდა ნაცნობებთან და სთხოვდა იმათ ნარკოტიკებს ან ფულს, რომ მიეცა თავის შვილისთვის და მე მეუბნებოდა, რომ ჩემი უფროსი შვილი მიჯავრდება, რატომ აძლევ ნარკოტიკებსო.
მე ვიცი, რას ნიშნავს ნარკომანია, რომ არ მივცე ნარკოტიკები, შეიძლება უბედურება ჩაიდინოსო. შემდეგ მოვიდა ჩემთან ეს ქალბატონი და მითხრა, რომ არსებობს სამკურნალო ცხინვალში და იქ უნდა წავიყვანოო. საშინელი წამება იყო იქ, საწოლზე დაბმული იყო ავადმყოფი და თანდათან აკლებდნენ ნარკოტიკებს.
ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკოტიკები, ნარკომანია იკურნება. იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ, ან იმ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი. ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორე ხელისუფლებას სთხოვს, რომ ეს საკითხი კერძო სექტორში არ გადაიტანონ, რადგან მერე უკვე, სიტუაციის კონტროლი ვეღარ მოხდება.
იმედი მაქვს, გავერთიანდებით ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება, რომ ნარკომანიით დაავადებული რაც შეიძლება ნაკლები იყოს - დასძინა პატრიარქმა.